Sunday, January 27, 2013

ჩიჩენ იცა

ჩიჩენ-იცა (ესპ. Chichén Itzá [tʃi'tʃen i'tsa], იუკატანის მაიას ენაზე „იცას ქვაბულის პირთან“) — ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ, ახ.წ. VII საუკუნეში.

ჩიჩენ-იცა მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი იყო ჩრდილოეთ მაიას გავაკებაზე გვიანდელი ანტიკურიდან ადრეულ პოსტკლასიკურ პერიოდამდე. ამ არემარეში მრავალი არქიტექტურული სტილია წარმოდგენილი, ცენტრალური მექსიკისთვის დამახასიათებელი ე.წ. მექსიკანიზებული სტილიდან პუუკის სტილამდე, რომელიც გაბატონებული იყო პუუკის მაიას ჩრდილოეთ დაბლობებზე. თავდაპირველად ცენტრალური მექსიკის სტილის არსებობა ამ რეგიონში დაპყრობების გავლენა ეგონათ, თუმცა თანამდეროვე ინტეპრეტაციით ეს უფრო კულტურული დიფუზიის შედეგი უნდა ყოფილიყო.

არქეოლოგიური მონაცემები, როგორიცაა ხანძრის ნიშნები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობასა თუ არქიტექტურულ კომპლექსზე, მიანიშნებს, რომ ჩიჩენ-იცას დაქცევის მიზეზი სისხლიანი უნდა ყოფილიყო. ჩიჩენ-იცას ჰეგემონიის დაკნინების შემდეგ, რეგიონულმა ცენტრმა იუკატანზე მაიაპანში გადაინაცვლა.

ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ქრისტეს ქანდაკება

კრისტო-რედენტორი (პორტ. Cristo Redentor — „მხსნელი ქრისტე“) — იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე.

დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს — პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა. მან დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესას, იზაბელს მიმართა, თუმცა იზაბელი დიდად არ დაინტერესებულა მისი იდეით. უკვე 1889 წელს, როდესაც ბრაზილია რესპუბლიკად გამოცხადდა, პედროს სურვილის განხორციელება შეუძლებლად ჩანდა, რადგან ახალი კანონები მთავრობასა და ეკლესიას ერთმანეთისგან ყოფდა.

1921 წელს, ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალის სამზადისისას, ქანდაკების აგების იდეა კვლავ გააჟღერა „რიოს კათოლიკეთა წრემ“. ჯგუფმა ხელმოწერებისა და შემოწირულობების შეგროვება დაიწყო, რათა მთაზე ქანდაკების აღმართვა უზრუნველეყოთ. შემოწირულობები ძირიდადად ქალაქის კათოლიკეებმა გაიღეს. დიზაინერებმა მრავალნაირი პროექტი წარადგინეს — ქრისტე გაშლილი ხელებით — ჯვრის სიმბოლო, ქრისტე დედამიწის მოდელით ხელში და ა. შ. საბოლოოდ, „მხსნელი ქრისტეს“ ქანდაკება ამოარჩიეს. ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ეიტორ და სილვა კოშტა იყო, ხოლო მოქანდაკე — პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი, რომელმაც ქანდაკება პარიზში დაამზადა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა მთელი რიგი მიზეზების გამო, იმ დროისათვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში შეიქმნა. მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250,000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 32 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 7 მეტრიან კვარცხლბეკს, მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს. მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.

მონუმენტის სანახავადაც ბრაზილიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქანდაკებამდე მისასვლელად გაყვანილია რკინიგზა. ბრაზილიელთათვის ამ ქანდაკებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. 2006 წელს, რიოს არქიეპისკოპოსმა ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის ქვეშ კათოლიკეებს ჯვრისწერისა და ბავშვის მონათვლის უფლება მისცა.

2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც ქრისტეს ქანდაკებამ მე-7 ადგილი დაიკავა.

2008 წლის 10 აგვისტოს, საშინელი შტორმის დროს, ქანდაკებას მეხი დაეცა, თუმცა ზიანი არ მიყენებია.

თაჯ-მაჰალი

თაჯ-მაჰალი (ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; „სასახლე-გვირგვინი“) — მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.
თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.

პეტრა

პეტრა — ქალაქი, რომელიც თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 900 და სიკის ვიწრო კანიონში არაბიის ველიდან 660 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ველამდე გზა სამხრეთით და ჩრდილოეთით უღელტეხილებით მიდის, დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ კი კლდეები მოჭრილია და 60-მეტრიან ბუნებრივ კედელს ქმნის.

სწორედ ამ ძველებურ საოცარ ქალაქში გადაიღეს ცნობილი ფილმი „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი“, ხოლო 2007 წლის 7 ივლისს პეტრა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი გახდა.

პეტრა ორი მთავარი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე მდებარეობდა: ერთი წითელ ზღვას დამასკოსთან აერთებდა, მეორე კი სპარსეთის ყურეს და ღაზის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან. სპარსეთის ყურიდან მომავალი ქარავნები კვირები უძლებდნენ უდაბნოს მკაცრ პირობებს, სანამ სიკის კანიონამდე და შემდეგ სანატრელ პეტრამდე არ მიაღწევდნენ, საკვებს, ჭერსა და სასმელ წყალს არ ეღირსებოდნენ.

ყოველწიურად პეტრაში წვიმის ნალექი 15 სანტიმეტრს არ აჭარბებს. წყლის მოსაპოვებლად ადგილობრივები არხებსა და წყალსაცავებს პირდაპირ კლდეში გამოკვეთდნენ. დროთა განმავლობაში წვიმის ყველა წვეთი გროვდებოდა და ინახებოდა. ამ წყლის წყალობით პეტრელები მოსავალს იღებდნენ და აქლემებსაც ინახავდნენ. ამასთან, მათ ქალაქის აშენებაც შეძლეს — სავაჭრო ცენტრის. ქვის არხებში დღესაც წყალი მიედინება.

ასობით წლის მანძილზე ვაჭრობას დიდი მოგება და სიმდიდრე მოჰქონდა პეტრასთვის. მაგრამ, როცა რომაელებმა აღმოსავლეთისკენ საზღვაო გზები აღმოაჩინეს, სანელებლებით სახმელეთო ვაჭრობა ჩაკვდა და პეტრა თანდათან ქვიშაში ჩაიკარგა.

პეტრას ნაგებობები სხვადასხვა ეპოქაში აშენდა. ახ. წ. მე-12 საუკუნეში მისი მფლობელები რომაელები იყვნენ. ახალი დროის ევროპელებიდან პეტრა პირველად ინკოგნიტოდ მოგზაურმა შვეიცარიელმა იოჰან ლუდვიგ ურკჰარდტმა ნახა. ანტიკური თეატრის გვერდით აქ უდემეელების ეპოქის შენობას ნახავთ.

პეტრას მაცხოვრებლები ფლობდნენ ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ. თვითონ სახელი „პეტრაც“, კლდეს რომ ნიშნავს, ქვას უკავშირდება. ცნობილი კლდოვანი ტაძარი-მავზოლეუმი ელ-ჰაზნე „ფარაონის საგანძური“, როგორც მას არაბები უწოდებენ, II საუკუნეში შეიქმნა — შესაძლოა, იმპერატორ ადრიანეს სირიაში ვიზიტის შემდეგ. ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ჯერ კიდევ არაა დადგენილი.

პეტრას დიდი ტერიტორია უჭირავს. ცენტრიდან კილომეტრებზე იშლება. მთავარი ქუჩა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელი ქალაქის გავლით იშლება, რომაელების ბატონობის დროს გაიყვანეს. მის ორივე მხარეს დიდებული კოლონადაა. ქუჩის ბოლო — დასავლეთით — დიდ ტაძართან მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთით — ტრიუმფალური თაღით მთავრდებოდა. ედ-დეირი, რომელიც კლდეში გამოკვეთილი მონასტერია — უზარმაზარი შენობაა სიგანით დაახლოებით 50 მ. და სიმაღლით 45 მ. კედლებზე ამოტვიფრული ჯვრები იმას მოწმობენ, რომ რაღაც პერიოდში ტაძარი ქრისტიანული იყო.

დღესდღეობით პეტრას სანახავად იორდანიას ყოველწიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. როცა ტურისტები სიკის ერთკილომეტრიან გრილ კანიონს გადიან, მოსახვევში თვალწინ „საგანძური“ იშლება — დიდებული შენობა ფასადით, რომელიც უზარმაზარი კლდისგან არის გამოკვეთილი. ეს ნაგებობა პირველი საუკუნისაა. მას აგვირგვინებს ქვის ურნა, რომელშიც თითქოს ოქროსა და ძვირფას ქვებს ინახავენ. კანიონი თანდათან ფართოვდება და ტურისტები ბუნებრივ ამფითეატრში ხვდებიან, რომლის ქვიშის კედლებში უამრავი გამოქვაბულია. მაგრამ მთავარი, რაც თვალში გვხვდება, კლდეში გამოკვეთილი სამარხებია. კოლონადა და ამფითეატრი I და II საუკუნეებში ქალაქში რომაელების ბატონობას მოწმობენ.

მაჩუ-პიქჩუ

მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. Machu Picchu – ძველი მწვერვალი) — ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.

მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად.[1] 1976 წლისთვის, ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო.[2] აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.[3]

ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[4] 2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.

მაჩუ-პიქჩუ ინკების კლასიკურ სტილშია ნაგები, ნატიფი ქვის კედლებით. მისი სამი ძირითადი სტრუქტურაა: ინტიჰუატანა (მზის დასაბმელი სვეტი), მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელსაც არქეოლოგები მაჩუ-პიქჩუს წმინდა რაიონს უწოდებენ. 2007 წლის სექტემბერში, პერუმ და იელის უნივერსიტეტმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხედოს მაჩუ-პიქჩუდან წაღებული იმ არტეფაქტების დაბრუნების საკითხი, რომლებიც იელს XX საუკუნის ადრეულ წლებში ჰირამ ბინგემმა გადასცა. 2010 წლის ნოემბერში, იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელი არტეფაქტების პერუს უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას დასთანხმდა.[5]

კოლოსეუმი

კოლოსეუმი (ლათ. colosseum), ფლავიუსების ამფითეატრი — გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 - 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და მისი მშენებლობა დაიწყო 70-სა - 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას. კოლოსეუმი რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.

ჩინეთის დიდი კედელი

 ჩინეთის დიდი კედელი (გამარტ. ჩინ.: 万里长城; ტრად. ჩინ.: 萬里長城; — ვანლი ჩან’ჩენ; ნიშნავს: „10,000 ლის სიგრძის კედელი“) — ჩინური სამხედრო გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოჰაის ზღვამდეა გადაჭიმული.

ისმის კითხვა, რა გახდა ამ დიდი ნაგებობის აშენების მიზეზი? ჩინელები უმიზეზოდ და მარტო სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე გაეკვირვებინათ და აღეფრთოვანებინათ. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინეთის დიდი იმპერია ერთი იმპერატორის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა და შიდა ქიშპობას ბოლო მოეღო, სერიოზული ზომების მიღება გახდა საჭირო გარე მტრებისგან თავის დასაცავად.

აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ჩინეთი ბუნებრივად იყო დაცული მთებითა და უდაბნოებით, ერთადერთი ღია სივრცე ჩრდილოეთით რჩებოდა. უზარმაზარი კედლის აშენების იდეა, რომელიც ამ ჩრდილოეთ მხარეს დაიცავდა, პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა.

როცა კედელს აშენებდნენ, ალბათ არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს ნაგებობა ოდესმე ტურისტულ ცენტრად იქცეოდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უამრავ ადამიანს მიიზიდავდა იმის სანახავად, თუ როგორი უზარმაზარი რაღაც ააშენა ამ უდიდესმა ქვეყანამ.

ამ კედლის შემხედვარე, ნებისმიერი ადამიანი იმასაც მიხვდება, რომ უბრალო მუშახელი ამხელა კონსტრუქციას ვერ ააშენებდა. საჭირო იყო კვალიფიციური მშენებლებისა და არქიტექტორების მოკრება. იმპერატორმა თავიდანვე იცოდა, რომ ისეთი კედელი უნდა აგებულიყო, რომელიც საუკუნეებს თავისუფლად გაუძლებდა.

ჩინელები მაშინაც საკმაოდ ბევრნი იყვნენ და მიზნის სისრულეში მოყვანა არ გასჭირვებიათ. ათასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ შრომობდა მშენებლობაზე და ეს მათთვის დიდი პატივიც კი იყო. ძვ.წ.აღ–ით III საუკუნეში დაწყებული მშენებლობა ახ.წ.აღ–ით XVII საუკუნეში დასრულდა.

ჩინეთს ძალიან ბევრი ემტერებოდა, ამიტომ, სანამ ჩრდილო ნაწილი ჯერ კიდევ ღია იყო, თავდაცვის მიზნით ყოველ საღამოს კოშკის თავზე დიდ კოცონს ანთებდნენ. თუ მოახლოებულ მტერს დაინახავდნენ, კოცონს აქრობდნენ იმის ნიშნად, რომ საბრძოლო მზადება დაწყებულიყო. ალბათ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სხვა ქვეყნებში პირიქით ხდებოდა, როცა მტერს დაინახავდნენ, სწორედ მაშინ ანთებდნენ კოცონს.

რა თქმა უნდა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და სხვების დახმარებით განახორციელა კიდეც. ისმის კითხვა, ვინ იყო ის? სამწუხაროდ, მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. თანამედროვე მკვლევრების მტკიცებით, ჩინელები მის ვინაობას შეგნებულად მალავენ და როგორც ყოველთვის, თავიანთი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ.

საერთოდ, ჩინელებს ბევრი რამის გამოგონებას და შექმნას მიაწერენ, რომელთა ტექნოლოგიას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, თან იმ დონეზე, რომ ამ საიდუმლოებების არგათქმას მათი სიცოცხლეც კი ეწირებოდა.

როგორც ნებისმიერი უძველესი ქვეყნისათვის, ჩინეთისთვისაც არ იყო უცხო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია. არსებობს ცნობა, რომ ტირანმა იმპერატორმა ნათელმხილველების რჩევით გადაწყვიტა, მშენებლობის დროს კედლებში ცოცხლად ჩაეტანებინა მეომრები.

შინხუანდის აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანის სისხლი შეეწირებოდა მშენებლობას, მით უფრო ძლიერი და სახელგანთქმული იქნებოდა შენობა. მეომრებმა საკუთარი ინიციატივით შესწირეს თავი ჩინეთის დიდ კედელს. ცნობილია, რომ მსხვერპლად შეწირული მეომრების ოჯახებმა კედელიც სამუდამოდ დაწყევლეს და იმპერატორიც. მას ამის გამო ხშირად სიკვდილის კედელსაც უწოდებენ.

თანამედროვე მეცნიერებმა ბევრისთვის არც ისე დამაჯერებელი ჰიპოთეზა წარმოადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში შესაძლოა ადგილობრივების გარდა სხვა ცივილიზაციებიც, მათ შორის უცხოპლანეტელებიც მონაწილეობდნენ. ამ დასკვნის ერთ–ერთი საფუძველი ისიცაა, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ნაგებობაა დედამიწაზე, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს.

გასული საუკუნის 80–იან წლებში ამერიკელებმა შეძლეს კოსმოსში გაშვებული ხომალდიდან დედამიწისთვის ფოტოების გადაღება, საიდანაც თეთრ ზოლად მოჩანს ჩინეთის დიდი კედელი. კიდევ ერთი საკვირველი ფაქტი ისაა, რომ ის დედამიწის ატლასზე 30–ე პარალელს ემთხვევა.

თუ ჩინეთის დიდ კედელს 30–ე პარალელის მიხედვით გავყვებით და ბოლომდე ჩავალთ, ხეოფსის პირამიდას მივადგებით. ასეთი დამთხვევები ბევრია, მაგრამ მათი ახსნა დღემდე ვერ ხერხდება. ერთი რამ კი ნათელია – უძველესი ცივილიზაციების ერები ბევრ ისეთ სიბრძნეს ფლობდნენ, რომელსაც დღეს მეცნიერები ვერ ხსნიან და არც ასეთი „დამთხვევები” უნდა ჩაითვალოს მხოლოდ უნებლიე დამთხვევად.

როგორც ვიცით, დედამიწა მზის გარშემო ბრუნვისას ელექტრონულ ტალღებს წარმოშობს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კოსმოსთან პირდაპირი კავშირი დამყარდეს. ხოლო კედელი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ელექტროენერგიის გიგანტური ველი.

არსებობს თეორია, რომ ელექტრომაგნიტური სიგნალი დედამიწიდან კოსმოსში სწორედ ჩინეთის დიდი კედლიდან ადის. და თუ ასეა, ვინ იცის, იქნებ სულაც არ არის უტოპიური იმ მეცნიერების თეორია, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ძველი ჩინელები კოსმოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ და ამიტომაცაა კედლის ხაზი ასეთი ზუსტი.

ჩინელი მკვლევრები სხვა ვერსიებსაც ავითარებენ. მათი მტკიცებით, კედლის ქვეშ მრავალი გვირაბია გათხრილი, იქვე მდებარე დალუქული სარდაფები კი არავისთვის იხსნება. ეს ვერსია მას შემდეგ წამოიჭრა, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებში ჩინელმა მკვლევარმა სარდაფში შეღწევა სცადა. დაცვამ იგი დააკავა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ მკვლევარმა დარწმუნებით განაცხადა, რომ იქ ძვირფასეულობა ინახება. დალუქული სარდაფები დღემდე ბევრი მკვლევრისა თუ მეცნიერის საოცნებო ადგილად რჩება.