Sunday, January 27, 2013

მაჩუ-პიქჩუ

მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. Machu Picchu – ძველი მწვერვალი) — ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.

მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად.[1] 1976 წლისთვის, ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო.[2] აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.[3]

ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[4] 2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.

მაჩუ-პიქჩუ ინკების კლასიკურ სტილშია ნაგები, ნატიფი ქვის კედლებით. მისი სამი ძირითადი სტრუქტურაა: ინტიჰუატანა (მზის დასაბმელი სვეტი), მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელსაც არქეოლოგები მაჩუ-პიქჩუს წმინდა რაიონს უწოდებენ. 2007 წლის სექტემბერში, პერუმ და იელის უნივერსიტეტმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხედოს მაჩუ-პიქჩუდან წაღებული იმ არტეფაქტების დაბრუნების საკითხი, რომლებიც იელს XX საუკუნის ადრეულ წლებში ჰირამ ბინგემმა გადასცა. 2010 წლის ნოემბერში, იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელი არტეფაქტების პერუს უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას დასთანხმდა.[5]

No comments:

Post a Comment